დიდი ოდენობით ნარკოტიკი და დაკავებული ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს
თანამშრომლებმა, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს.
1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი
ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად
ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული
ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ
შემოიტანა.
ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და
საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.