ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილ ხანძარს პარკის დაცვის განყოფილების უფროსი ემსხვერპლა
დღეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის
პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის
განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს
წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
"ივანე კუპრაძე. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2001 წლიდან
მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს
მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი
ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში"-ნათქვამია დაცული
ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში
გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის
სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.