ხაშურში ბენზინმზიდი აფეთქებას გადაურჩა
ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას
ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა იმუშავეს და
ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი
სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის მოშორებით, პარკინგზე,
ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი ცისტერნა დახვდათ.
"იყო ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება. ხანძრის ქრობის
სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ოპერატიულად მოხდა უსაფრთხოების
ზომების მიღება, საპატრულო პოლიციამ გადაკეტა პერიმეტრი და საშიში
ზონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა მოსახლეობა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის
დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის
შედეგად არავინ დაშავებულა" - ნათქვამია საგანგებოს ინფორმაციაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.