"უახლოეს დღეებში მოსალოდნელია კორონავირუსის შიდა გავრცელების
ინტენსივობის მომატება, ანუ მოახლოებულია პიკური სტადია. ამასთან
დაკავშირებით, საქართველოს კლინიკების ასოციაცია საქართველოს
მთავრობას და მოსახლეობას მოგმართავთ შემდეგი რეკომენდაციებით:
- ეფექტური პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიზნით
რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ
უზრუნველჰყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (განურჩევლად რეგიონისა)
მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ვირუსზე სწრაფი ტესტირების
დაწყება;
- რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონული და საქალაქო
სტაციონარული კლინიკა გადავიდეს ფუნქციონირების საგანგებო
რეჟიმზე;
- პაციენტთა დიდი ნაკადის მიღებისათვის რეკომენდებულია პროფილის
მიუხედავად ყველა კლინიკის ბაზაზე (მათ შორის რეგიონული კლინიკების)
განხორციელდეს მობილიზაცია, განთავისუფლდეს მინიმუმ ერთი სართული ან
იზოლირებული ფლიგელი;
- რეკომენდებულია საგანგებოდ აღიჭურვოს და დაჩქარებული წესით
ექსპლუატაციაში შევიდეს ახალი აშენებული კლინიკები, მათშორის
,,ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,, და ოკუპირებული აფხაზეთის
საზღვრის პირა ,,რუხის მრავალპროფილური კლინიკა,,;
- რეკომენდებულია სახელმწიფოსგან გამოიყოს დამატებითი მატერიალური
რეზერვები კლინიკებისთვის სამედიცინო და ლაბორატორიული მასალების
მომარაგების თვალსაზრისით;
- პაციენტთა შეუფერხებელი ოქსიგენაციის უზრუნველსაყოფად
რეკომენდებულია კლინიკების მომარაგება დამატებითი ჟანგბადის
წყაროებით.
- ყველა კლინიკის ბაზაზე რეკომენდებულია უმოკლეს დროში უფროსი,
საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის - მინიმუმ 2 ბრიგადის
გადამზადება;
- მაღალი რისკის საქმიანობიდან გამომდინარე რეკომენდებულია დაწესდეს
სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის სისტემატიური კონტროლი. ამავე
დროს სიცოცხლისათვის საშიში რისკების აღმოფხვრის მიზნით ყველა
კლინიკაში რეკომენდებულია შეიქმნას სპეციალური კომისია;
- რეკომენდებულია მთავრობამ გარკვეული დროით მძიმე, დაძაბული და
სტრესული შრომის ფონზე გაათავისუფლოს სამედიცინო პერსონალი
საშემოსავლო ბეგარისაგან;
- რეკომენდებულია პალატების, ფლიგელების, კორიდორების,
რეგისტრატურისა და დამხმარე ოთახების დღეში რამდენჯერმე
(სადეზინფექციო ხსნარების გარდა) ულტრაიისფერი სხივებით დამუშავება,
კვარცის აპარატის გამოყენებით.
- ვირუსული დაავადება არ განარჩევს მორწმუნე და არამორწმუნე
ადამიანს, ამიტომ რეკომენდებულია მოსახლეობამ ლოცვები აღასრულოს
ინდივიდუალურად, სახლის პირობებში და მკაცრად მოერიდოს მასობრივ
თავშეყრას;
- ვირუსის გავრცელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს
მოსახლეობაში ნატურალური ფულადი კუპიურების ბრუნვა, ამიტომ
რეკომენდებულია, უმოკლეს დროში ყველა სავაჭრო ობიექტის საბანკო
ტერმინალებით აღჭურვა და საბანკო ბარათით გადახდის პრინციპის
საყოველთაოდ დანერგვა" -ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ასოციაცია
ავრცელებს.