1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარი გახდა. ეროვნული
ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი
ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4576 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4494 ლარი იყო. შესაბამისად,
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 შეადგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ
დოლარი გაყიდა. დღემდე ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი
სავალუტო ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის
განმავლობაში (2 მარტიდან 25 მარტამდე) თითქმის 66 პუნქტით, 2,79-დან
3,44 ნიშნულამდე გაუფასურდა. 23,6%-იანი ვარდნის მთავარ მიზეზად
კორონავირუსი და ამის შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდა
სახელდება.
"მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული
ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა
გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე,
ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი
ნათია თურნავა.
ვალუტის კურსები დოლართან მიმართებით 2 მარტს და 25 მარტს:
- თურქული ლირა - $1=6,23 ლირა - $1=6,50 ლირა
- სომხური დრამი - $1=478,80 დრამი - $1=495,43 დრამი
- აზერბაიჯანული მანათი - $1=1,70 მანათი - $1=1,70 მანათი
- რუსული რუბლი - $1=66,29 რუბლი - $1=78,30 რუბლი
- ქართული ლარი - $1=2,7905 ლარი - $1=3,4494 ლარი
- უკრაინული გრივნა - $1=24,86 გრივნა - $1=27,77 ლარი