მაია ცქიტიშვილი ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია
ცქიტიშვილის განცხადებით, არანაირი თანამდებობა, იქნება ეს არჩევითი
თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ან ცენტრალურ
ხელისუფლებაში არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც
დანაშაულს სჩადიან. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის
საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რითაც
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა პირველ
რიგში კორუფციის პრევენციაა.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრი ემთხვევა ჩვენი
სამართალდამცავი ორგანოების აზრს, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაცრი და
სწორი რეაგირება. ბორჯომის მერის გარდა დაკავებულია საკრებულოს
თავმჯდომარეც. ეს არის დასტური იმისა, რომ არანაირი თანამდებობა,
იქნება ეს არჩევითი თანამდებობა თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ
თვითმმართველობაში ან ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არის დაცვა იმ
სამართალდარღვევებისგან, არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის,
რომლებიც დანაშაულს სჩადიან. ეს არის ჩვენი გუნდის დამოკიდებულება და
სწორედ ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოხდა ამ ორი ადამიანის
დაკავება, როგორც საჯარო მოხელეების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლების
დაკავება, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ სამართალდარღვევაში.
ბუნებრივია, ყველა მსგავს შემთხვევაზე არის რეაგირება. სამწუხაროდ,
უკვე გვქონდა ასეთი დაკავების პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც. ბუნებრივია,
ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა პირველ რიგში არის კორუფციის
პრევენცია მაგრამ შემდგომში რეაგირება იმ ფაქტებზე, თუ ასეთ ფაქტებს
ექნება ადგილი“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.