ქვიშხეთში ჩინელ და ადგილობრივ მუშებს შორის კონფლიქტი მოხდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის
მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინელ და ადგილობრივ მუშებს ერთმანეთთან
უთანხმოება მოუვიდათ. ჩინელი მუშები ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის
მშენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივებს სამუშაო ადგილზე შესვლის
საშუალებას არ აძლევენ. ამის მიზეზად კი, საქართველოში დაფიქსირებული
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებენ.
,,დღეს დილით, როდესაც პირველი ცვლის მუშები მივედით სამსახურში,
ჩინელმა მუშებმა არ შეგვიშვეს. მიზეზად ის დაგვისახელეს, რომ
საქართველოში კორონავირუსია გავრცელებული, ქართველი მუშები მოძრაობთ
გარეთ და შესაძლოა, რომელიმე ვირუსის მატარებელიც იყოთ და ჩვენთანაც
გაავრცელოთო, რასაც ჩვენი აღშფოთება მოჰყვა“ - განაცხადა სარკინიგზო
გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მალხაზ ღონღაძის
განცხადებით, ამ დროისთვის, ადგილზე მომუშავე ,,ჩინეთის რკინიგზის
23-ე ბიუროს ჯგუფის” ხელმძღვანელობა გვირაბში იმყოფება და როდესაც
შესვენების დროს გამოვლენ, მათთან შეხვედრას და ინფორმაციის
დაზუსტებას გეგმავს. ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“
მუდმივმოქმედი ფილიალი ქვიშხეთი-ზესტაფონის სარკინიგზო გვირაბს
რამდენიმე წელია აშენებს.