"ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა" - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას
ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პირიდან მე-4 პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის,
ინფექციურში ჯამში 25 პაციენტია.
„ინფექციურში წევს 25 პაციენტი. გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა
ტესტირება კორონავირუსზე და ყველაზე მიღებულია უარყოფითი პასუხი,
ნაწილი უკვე გადასულია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი დღეს გადავა. ამ
დროისთვის, მხოლოდ 5 პაციენტზეა ტესტი ასაღები.9 ინფიცირებული
პაციენტიდან ერთის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საშუალოზე მძიმე, მაინც საყურადღებოა ეს
პაციენტი იმიტომ, რომ პროგნოზულად მაინც სერიოზულია, რადგან დაავადება
კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით
მსუბუქი. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების
გარეშე, ანუ დადებითი ტესტირებით და კლინიკის გამოვლენის გარეშე,
ამათთან რა თქმა უნდა, გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და
შეფასება, შესაბამისად დინამიკაში როგორ ვითარდება
სიტუაცია.ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება
და კლინიკის გამოვლენა, მაგრამ ის პირველ სამ პაციენტთან, რომელიც 1
კვირაზე მეტია წევს, ჯერჯერობით, სტაბილური სიტუაციაა. ვფიქრობთ, რომ
გარკვეულწილად შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, რადგან ამ
პაციენტების კვლევა და მართვა წარმოებს იმ პროტოკოლის მიხედვით,
რომელიც უკვე შემუშავებულია” - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა
დადასტურებული.