ხაშურში ქმარმა 24 წლის ქალი დაჭრა
ხაშურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოში
გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის
არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის,
კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ექიმებმა
გულის ამუშავება შეძლეს.
პაციენტს ცოტა ხანში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება.
არსებული ინფორმაციით, კამათი განქორწინებაზე წამოწყებულმა დავამ
გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული
მ.ლ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის
ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე,
ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა
მიაყენა.
პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან
საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,
უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს
ქალაქ ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო.პოლიციამ მ.ლ.
შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის
იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება, დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის
მე-2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.