თეთნულდზე ზვავმა 3 ტურისტი იმსხვერპლა
თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი
დაიღუპა. როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“
განაცხადეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების
ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ,
რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.
მათივე ინფორმაციით, სტიქიას გადაურჩა ოთხი ადამიანი, ხოლო დარჩენილი
ექვსი ადამიანი ზვავმა მოიყოლა.
„მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი
ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი
მოტეხილობები აღენიშნება.
სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა,
მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვეს. მთის კურორტების განვითარების
კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ
აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და
მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“-ნათქვამია
გავრცელებულ ინფორმაციაში.