საზღვარგარეთიდან ახალციხეში შემოსული ექვსი პირი თვითიზოლაციაშია
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში,
საზღვარგარეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეებს
მედიკოსები აკვირდებიან. პროცესს მეთვალყურეობას საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ახალციხის ცენტრი უწევს. უწყებაში ამბობენ, რომ
ტემპერატურის მომატება ან ვირუსის ნიშნები არც ერთ იზოლირებულს
აღენიშნება.ამის შესახებ ინფორმაციას,ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე
არხი" ავრცელებს.
ექვსი პირი სახლში რჩება, მათ საზოგადოებისგან იზოლირების
რეკომენდაცია მიიღეს. ამ რეჟიმში ყოფნა ორი კვირა - საკარანტინო ვადის
გასვლამდე მოუწევთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციას, ახალციხის ჯანდაცვის ცენტრს სოფლის ექიმები ყოველ დღე
აწვდიან.
დაკვირვების ქვეშ მყოფი პირები ბელგიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან,
თურქეთიდან და პოლონეთიდან შემოვიდნენ. აღრიცხვიდან მოიხსნა ერთი
პირი, რომელსაც საზღვარი არ გადმოუკვეთავს, თუმცა ის საბაჟო გაშვებ
პუნქტში მუშაობდა და ამის გამო, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ
იმყოფებოდა.