ხაშურიდან გორის ჰოსპიტალში 4 პირი გადაჰყავთ
„გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს თვითდინებით ოთხმა პირმა
მიმართა. მათგან ორი ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა,
ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ,
საქართველოს მოქალაქეები არიან. ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ
საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული
ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს, 2 მარტს, დილით
ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სასადილოში ყოფნისას შენიშნეს.
„მოქალაქეებმა მოგვმართეს თვითდინებით. ორ მათგანს აღენიშნებოდა
სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველა. ანამნეზის შეკრებისას, პაციენტები
მოთავსდნენ ბოქსირებულ პალატაში, გამოძახებულ იქნა საზოგადოებრივი
ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი. პაციენტებთან კონტაქტი
მიმდინარეობდა ყველა სტანდარტის დაცვით, დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ის
ფაქტიც, რომ აღნიშნული პირები, ვგულისხმობ, ირანის მოქალაქეებს,
საქართველოში შემოსულები არიან 23 თებერვალს, შესაბამისად, გასული არ
არის ორკვირიანი ვადა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან
ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პაციენტების გადაყვანა
მოხდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც გუშინდელი დღიდან შექმნილია
საკარანტინო ზონა“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის დირექტორმა ვასილ
ჭეიშვილმა.
ამჟამად ოთხივე მათგანი ხაშურიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში
გადაჰყავთ.
2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული
კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში
97 ადამიანია (ჯანდაცვის მინისტრი 120-ს ასახელებს), მათგან 40
სამედიცინო დაწესებულებებშია. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში
თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია
გადაგზავნილი.