ახალი ამბები
"აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად" - საერთაშორისო გამჭვირვალობა
აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა განცხადებას ავრცელებს.
"აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ეჭვები, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული საორგანიზაციო თუ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი სწორედ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვაა.

აჭარის ტელევიზია ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მმართველობის დროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც პოლარიზებულ მედიაგარემოში დაბალანსებული და მიუკერძოებელი კომპანია. თუმცა, ამ ფონზე მრჩეველთა საბჭომ კაპანაძე თანამდებობიდან, დასაბუთების გარეშე, იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლა. ახალი დირექტორის არჩევა ბევრი მცდელობისა და 6 თვის თავზე ახალი მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ მოხერხდა. თავად მრჩეველთა საბჭო მკვეთრი დაპირისპირების ფონზე დაკომპლექტდა. საბოლოოდ, საბჭოში, რომელმაც გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, მოქმედი ოთხი წევრიდან სამი „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარმოდგენილი. კოხრეიძემ დირექტორად არჩევის დღესვე ჟურნალისტებს კრიტიკული ტონი დაუწუნა. პრობლემები შეექმნა დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელმაც მრავალჯერმე განაცხადა მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ზოიძეს ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და მან ტელევიზია დატოვა. ზოიძის წასვლას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოეხმაურა და „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.

24 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების დაგეგმვაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მრჩეველთა საბჭოს თანხმობით, მოადგილეების პოზიცია გააუქმა იმ პირობით, რომ მათ ტოლფასს პოზიციას შესთავაზებდა. არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზით, მენეჯმენტს ახალი ამბების რედაქციიდან მისთვის არასასურველი ადამიანების ჩამოშორება სურდა, რაც მოახერხეს კიდეც. მაია მერკვილაძე სანაცვლოდ შემოთავაზებულ თოქშოუს პროდიუსერობას ან/და რადიოს უფროსის მოადგილეობას დასთანხმდა. სადავო დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგაც. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ. საუბარია, დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სხვა ზეწოლის ფაქტებზეც. მაგალითად, ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. პარალელურად კი, ტელევიზიის პროფკავშირებმა, რომელიც 70-მდე თანამშრომელს აერთიანებს, საგაფიცვო პროცედურები დაიწყო.

მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს.

მოვუწოდებთ, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მოვუწოდებთ, საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქტიურად აკვირდება აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებს, სოლიდარობას უცხადებს ყველა თანამშრომელს, რომელიც საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ღირსებისათვის იბრძვის და მზად არის, შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ჟურნალისტებს" - ნათქვამია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.