საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, რომ მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი, პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ.