კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად უხანელი ექიმები თმას იპარსავენ
იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი
შეამცირონ, ჩინელმა ექიმებმა თმა გადაიპარსეს.
თავდაპირველად მსგავსი რამ ერთმა მედიკოსმა გააკეთა და
შემდეგ მას ბევრმა მიბაძა. ახლა კი, ერთგვარ გამოწვევად არის
ქცეული.
ჩინელი ექიმების თქმით, თმა მარტივად იზიდავს ვირუსებს და მის
გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ უმჯობესია, თუ ასეთ რთულ
ვითარებში მას საერთოდ გადაიპარსავენ.
ეს არ არის ერთადერთი მსხვერპლი, რომლის გაღებაც უხანელ
ექიმებს მომაკვდინებელ ვირუსთან ბრძოლის დროს უწევთ. ისინი
ეპიდემიის წინა ხაზზე არიან და საკუთარ სიცოცხლეს რისკის
ქვეშ აყენებენ.
People's Daily China-მ, გავლენიანმა ჩინურმა გამოცემამ,
Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ
იჭრიან თმას მედიკოსები უხანის კლინიკებში მუშაობის
დაწყებამდე.
ჩინელ ექიმებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. ისინი
მუდმივ რეჟიმში ატარებენ შესაბამის აღჭურვილობასა და
სპეციალურ პირბადეებს, რის გამოც ხელები და სახე
შეშუპებული აქვთ, ხოლო კანზე ნაწიბურებია გაჩენილი.
ჩინეთში, კორონავირუსის შედეგად, ბოლო მონაცემებით კიდევ
108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო
რაოდენობამ 1016-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით
დაინფიცირებულთა რიცხვი 2,478-ით გაიზარდა და საერთო
ჯამში, 42,638-ი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.