"უგულავას შემდეგ მე დამაპატიმრებენ" - ნიკა გვარამია
“რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალდებული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ
“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას შემდეგ “თიბისი
ბანკის” საქმეზე ბრალდებულებსა და მას დააკავებენ.
როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დანამდვილებით იცის, რომ
დააკავებენ.
“შემდეგი იქნება “თიბისის” ფიგურანტები და მე. კიდევ ვინმე თუ დარჩა,
ისიც შემდეგი იქნება... კიარ ველოდები, ვიცი. უგულავას დაჭერით არ
დაწყებულა, მანამდე ოქრუაშვილი იყო, კიდე სხვები, 19 ადამიანი ზის
ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე.ვიდრე ეს სასამართლო არ არის,
არავითარი ამათ დაკრულზე ცეკვა აქ არ იქნება”, - განაცხადა
გვარამიამ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის
საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ
დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ
იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი
უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური
დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა
გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი
გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის
კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო
გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის
ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე,
აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს
ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას
ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის
დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი
გირაო აქვს შეფარდებული.