გიგი უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას, სასამართლოს განჩინება
გადაეცა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ბასილაიამ განაცხადა,
მასში "არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ და ფარატინა
ფურცლებით უშვებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ციხეში".
ადვოკატის ინფორმაციით, გიგი უგულავას გადაყვანას პენინტენციურ
დაწესებულებაში შსს-ს წარმომადგენლები განახორციელებენ და ეს ალბათ,
უახლოესი რამდენიმე საათის მანძილზე განხორციელდება.
,,როგორც ვიზუალურად არის ეს ფარატინა ქაღალდები შინაარსობრივადაც
ასეა, სირცხვილია. რომ ეს არის საქართველოს სახელით გამოტანილი
გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილის ჯამბაზები გაბინაშვილი, თადუმაძე
და შავლიაშვილი ფაქტიურად არიან ერთ აზრზე. ასევე ჩაგვბარდა
გადაწყვეტილება თადუმაძის არ აცილების შესახებ. ძალიან კომიკურია,
გაბინაშვილი შავლიაშვილი და თადუმაძე ჩემგან ითხოვდნენ იმის
მტკიცებას, როგორ აქვს თადუმაძეს, როგორც გენერალურ პროკურორს ამ
საქმეში მონაწილეობა მიღებულიო. თურმე, ამის მტკიცებები მე უნდა
წარმედგინა მაშინ, როდესაც ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის
ნათელია, რომ შეუძლებელია, თადუმაძესთან არ ყოფილიყო შეთანხმებული
უზენაეს სასამართლოში ამ საქმის გასაჩივრება.
არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ, ფარატინა ფურცლებით
უშვებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ციხეში. წერია უბრალოდ სასჯელები და
მეტი არაფერი, ეს არის უხეში ძალის დემონსტრირება არანაირი
სამართლებრივი ლოგიკა, არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია ეს არის უხეში
ძალა. შსს-ს თანამშრომლები მოახდენენ გიგის გადაყვანას პენინტენციურ
დაწესებულებაში და ეს ალბათ უახლოესი რამდენიმე საათის მანძილზე
განხორციელდება,” - განაცხადა ბექა ბასილაიამ.