ახალი ამბები
დავით ბაქრაძე - " ხელისუფლებამ მოსპო მოლაპარაკებების სივრცე"
ხელისუფლებამ ქვეყანაში მოსპო შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების სივრცე. ამიტომ, ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება, ის დასრულებულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი და შეთავაზებები ჰქონდა.

„ვფიქრობდით შეთანხმებაზეც - ეს ყველაფერი დასრულებულია. გიგი უგულავას განაჩენი სინამდვილეში არის „ქართული ოცნების“ განაჩენი, რომელიც მას ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მოლაპარაკებები დასრულებულია, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა ამავე ოფისში, სადაც უკვე ვიმსჯელებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რას გავაკეთებთ და რა ნაბიჯებით გამოვალთ უახლოეს მომავალში. ეს იქნება არაძალადობრივი ბრძოლა და თქვენც ხედავთ, რომ გიგი არაძალადობრივად, მშვიდობიანად, ღირსეულად მიდის ციხეში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიოდ ჩანდა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერი ფასით, ნებისმიერი საბაბით დაეკავებინათ გიგი უგულავა.

„თუმცა, რა საბაბითაც დღეს მოხდა უგულავას დაკავება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაწესდა კიდევ ერთი სამარცხვინო პრეცედენტი იმის, რომ ამ ქვეყანაში არანაირი ინსტიტუტი არ არსებობს. არ არსებობს სასამართლო, სამართალი. დღეს გიგი უგულავას მიუსაჯა პროკურორმა, უწიგნურმა და უდიპლომო შალვა თადუმაძემ, რომელმაც როგორც პროკურორმა საჩივარი გაგზავნა უზენაესში და როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დახვდა საკუთარ გაგზავნილ საჩივარს. უზენაეს სასამართლოს იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, ბოლო და გამამართლებელი სიტყვის უფლება მაინც მიეცა, ისე მიუსაჯეს ადამიანს სასჯელი. დღეს გიგი უგულავას მიუსაჯეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის პროფესიული სინდისიც არ ეყოთ, რომ ადავოკატისთვის მაინც მიეცათ მისვლის საშუალება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დღეს ის ზღვარი გადალახა, რომლის უკანაც პროცესები ვეღარ შემობრუნდება. აქედან გამომდინარე, ბაქრაძის განმარტებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით „წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება“.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.