პროკურატურის განცხადება ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე
ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მსჯავრდებული პირები
უზენაესმა სასამართლომ 48 180 960 ლარის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო,
- ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საკასაციო
საჩივარი ე.წ. „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე და გ.ს. ცნობილ
იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“
ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
(გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში
მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი
განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით
თავისუფლების აღკვეთა.
„გ.უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2
ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი
განახევრდა და სასჯელის უკვე მოხდილი ნაწილის გათვალისწინებით საბოლოო
სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით
თავისუფლების აღკვეთა.
დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2
ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი
განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა
და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა.თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით
თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ
საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და
საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით
თავისუფლების აღკვეთა.
დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2
ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი
განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა
და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ქ.თბილისის მერმა -
თბილისის მთავრობის თავმჯდომარემ და ამავდროულად მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის
საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გ.უ.-მ, ააიპ „თბილისის
განვითარების ფონდის“ თავმჯდომარემ - გ.ს.-მ, ქ.თბილისის მერიის
მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსმა - ა.თ.-მ,
რომელიც ამავდროულად იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ქ.თბილისის საორგანიზაციო მდივანი, ქ.თბილისის
მერის მოადგილემ - დ.ა.-მ და ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა,
ფონდის გამგეობის წევრმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის რაიონული
ორგანიზაციის თავმჯდომარემ - დ.ა.-მ, 2011 წელს, შექმნეს ორგანიზებული
ჯგუფი. მათ წინასწარ შეიმუშავეს საბიუჯეტო სახსრების გასაფლანგად
დანაშაულებრივი სქემა და გაინაწილეს როლები, რისთვისაც იყენებდნენ
სამსახურებრივ მდგომარეობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მათ
დახმარებას უწევდა ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე და
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი - დ.ჩ.
დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის
03 ოქტომბრის ჩათვლით, გ.უ.-ს ორგანიზებით გ.ს-ს, დ.ა.-ს, დ.ა.-ს,
ა.თ.-ს მონაწილეობით და დ.ჩ-ს დახმარებით აიპ „თბილისის განვითარების
ფონდის“ სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა პოლიტიკური
გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია,
პარტიის ლიდერების შეხვედრები მხარდამჭერებთან და გადახდილი იქნა
პარტიული აქტივის ხელფასები. გაწეულ ხარჯს შეხება არ ჰქონდა ფონდის
საქმიანობასთან. მთლიანობაში, ხსენებულ პირთა მიერ განხორციელებული
ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა დიდი ოდენობით
საბიუჯეტო სახსრები 48 180 960 ლარის ოდენობით.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების სასარგებლოდ
ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის
გაფლანგვის საქმეზე გ.უ.-ს, დ.ა.-ს, გ.ს.-ს და დ.ა.-ს ბრალი ედებოდათ
სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის
„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; ა. თ.-ს - სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; დ.ჩ.-ს - სსკ-ის 25,182-ე მუხლის
მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
2018 წლის 28 თებერვალს, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე
მოსამართლე მაია შოშიაშვილმა გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც:
გ.უ.-ს, დ.ა.-ს, დ.ა.-ს და ა.თ.-ს ქმედება გადაკვალიფიცირდა
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ხოლო გ.ს. ცნობილ
იქნა დამნაშავედ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისთვის. დ.ჩ. წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ბრალდებულებს ამნისტიის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრათ: გ.უ.-ს - 1 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა,
დ.ა.-ს, დ.ა.-ს, ა.თ.-ს - 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების
აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობითად, ხოლო გ.ს.-ს - 8 წლის ვადით
თავისუფლების აღკვეთა.
გ.უ.-ს, დ.ა.-ს, დ.ა.-ს, ა.თ.-ს და გ.ს.-ს თბილისის სააპელაციო
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საკასაციო წესით არ
გაუსაჩივრებიათ და არ მოუთხოვიათ გამართლება წარდგენილ
ბრალდებაში.
რადგან გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულთა ქმედება
დაკვალიფიცირდა გაფლანგვით, ხსენებული გადაწყვეტილება კვალიფიკაციის
ნაწილში ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით,
თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის
განაჩენით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს
განაჩენი.
სახელმწიფო ბრალდებამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი არის უკანონო, მსჯავრდებულთა
ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და 2019 წლის 9 იანვარს,
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა
უზენაეს სასამართლოში“, - ნათქვამია განცხადებაში.