ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისგან შემდგარი ფრაქცია
,,დამოუკიდებელი დეპუტატები მზად არიან, რომ მმართველი გუნდის მიერ
ოპოზიციისთვის შეთავაზებულ საარჩევნო მოდელით, 100/50-ით, 2020 წლის
არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირონ.
ექვსკაციანი ფრაქცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს და 3 პირობას
აყენებს. მარიამ ჯაშის, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის, ლევან
გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და კობა ნარჩემაშვილის კომპრომისული
წინადადება 3 პირობას ეფუძება:
- 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო
სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის
ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ;
- თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო
არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე
პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებისათვის;
- არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური
სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო
არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა
მოქალაქისათვის.
,,ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი
შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული
მოდელით"- აცხადებს ფრაქცია.
მათივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო
ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის
ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“
ეკისრება.
,,აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის ყველაფერი
გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება
ნებისმიერ ფასად - ძალაუფლების დასაბრუნებლად. კამათი ძირითადად
მიმდინარეობს მანდატების რაოდენობაზე, რაც „პოლიტიკურ ვაჭრობას“
ემსგავსება და არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე. აღნიშნული
ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ
განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს
საქართველოში"- აცხადებს ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე.
კობერიძე აღნიშნავს, რომ მათი ახალი წინადადებების შეთავაზება ხელს
შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და
განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას.
შეგახსენებთ, რომ 100/50-ზე მანდატების განაწილებას სხვა ოპოზიციური
პარტიები მხარს არ უჭერენ.