რამ გამოიწვია წყლის მიწოდების პრობლემები მთის კურორტებზე
კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების
გაქრობა, ასეთი პრობლემები წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა, - ამის
შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
პირველმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რითაც ზამთრის
კურორტებზე არსებულ პრობლემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის
საბადოების გაქრობა მთლიანად ქვეყანაში შეინიშნება და ამ პრობლემებმა
ყველაზე მეტად პიკური დატვირთვის პირობებში იჩინა თავი, როდესაც
გუდაურში წყლის მიწოდება 37-38 ლიტრი წამიდან 26-ზე ჩამოვიდა.
“24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ფაქტობრივად, მოვრჩით იმ
სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება ახალი არხის მიწოდებას. მდინარე
დებედადან გადასროლილი ალტერნატიული რესურსი იმ დონეს შეინარჩუნებს,
რაც საკმარისი იქნება გუდაურისთვის. ასეთი პრობლემა წინა წლებში
ნამდვილად არ ყოფილა და მთავარი გამოწვევა კვლავ და კვლავ არის
გვალვები და ნალექის ნაკლებობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში
კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება და რიგ
შემთხვევაში, წყალმზიდებით ხდებოდა მიწოდება,“ - აღნიშნა ირაკლი
ქარსელაძემ.
მისივე თქმით, გუდაურის მასშტაბით პრობლემა დაფიქსირდა მხოლოდ
„რედკოს“ დასახლებაში, სადაც 5 კორპუსს 150 ტონის მოცულობის ავზები
აქვს და ამ ავზების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.
„დღესაც 70 ტონა წყალია მიწოდებული და კიდევ 18 ტონა გზაშია.
ამავდროულად, დღეს დასრულებული სამუშაოების კვალდაკვალ მივყვებით
ქსელს, საიდანაც მოხდება ჰაერის გამოდევნა, რამაც ავარია გამოიწვია,
მანამდე კიდევ ერთი ავარია დაფიქსირა. ფაქტობრივად, ორივე
გამოსწორებულია და მოლოდინი გვაქვს, რომ სისტემა უკვე გამართულად
იმუშავებს და „რედკოს“ დასახლებას სტაბილური წყალმომარაგება ექნება,“
- განაცხადა ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი
მოადგილის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების პარალელურად სრული
სურათის მონიტორინგი მიმდინარეობს და შესაბამისად, რეაგირება
მყისიერად ხდება.