მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის 112-ის მომსახურების საფასური ორმაგდება
2020 წლიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ - ის
საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება. კერძოდ, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული
ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები
ყოველთვიურად 40 თეთრს გადაიხდიან.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები „112“-ის
მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან. შესაბამისად, იურიდიული
პირების მიერ გადახდილი საფასურის ოდენობაც 40 თეთრი იქნება.
„112“-ის საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე,
რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე
მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით
სარგებლობა.
საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა
სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ძალაში მყოფი
მთავრობის დადგენილებით, 112-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20
თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო.