სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გასასხვისებლად დაგეგმილი უქციონი ჩაიშალა
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა
გამოიტანს. ამის მიზეზი 6 დეკემბერს დაგეგმილი აუქციონის ჩაშლა გახდა.
აუქციონის დღეს კომერციულ ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. მაღალი
ინტერესის მიუხედავად, აუქციონზე რეგისტრაცია მსურველებს არ გაუვლიათ.
ფონდი პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობდა სასტუმროს აქტივების 10-წლიან
იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად, შესყიდვის შემთხვევაში საწყისი
ფასი 37,565,408 აშშ დოლარი, ხოლო იჯარით აღების შემთხვევაში კი
ყოველწლიური გადასახადი შესყიდვის ღირებულების 8%, ანუ 3,005,200
დოლარი იყო.
ცნობისათვის, საპარტნიორო ფონდი „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იან წილს 2018
წლის ზაფხულიდან ფლობს. სწორედ იმ პერიოდში ქართულმა მხარემ ყაზახი
პარტნიორებისგან 50%-იანი წილი გამოისყიდა. სასტუმროს მართვას Rixos-ი
ახორციელებდა, შემდეგ კი ობიექტიდან გავიდა.
საპარტნიორო ფონდი ახალ აუქციონს გამოაცხადებს. ეს კი მას შემდეგ
მოხდება, რაც ფონდის ბორდი აუქციონის განახლებულ პირობებს
დაამტკიცებს.
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი
და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.