ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავს
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა კვირის ბოლოს შესაძლოა, პროტესტის
რადიკალურ ფორმებს მიმართოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა
გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.
მისივე ცნობით, ჟენევაში, გაერო-ს ოფისის წინ, სადაც მოლაპარაკებების
მორიგი რაუნდი დაიწყება, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია
გაიმართება. როგორც თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა, პრესაში ვაჟა
გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეხუთე დღეს
გავრცელდა, მანამდე კი ოჯახი ფაქტს არ ახმაურებდა, რადგან შესაბამისი
უწყებებიდან ჰქონდათ რეკომენდაცია, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავდა, ამას
შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა ვაჟა გაფრინდაშვილის
მდგომარეობაზე იზოლატორში.
„ტყვეობის მეშვიდე დღეს გაგვაგებინეს, რომ ჩატარდა სასამართლო სხდომა,
სადაც მას მიესაჯა 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის
კანონმდებლობის, 322-ე მუხლის მიხედვით. ეს არის საზღვრის უკანონოდ
კვეთა. იმ დღესვე ჩავატარეთ სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
პირველი აქცია. მე-8 დღეს, შაბათს, სახელმწიფო სტრუქტურების
ოფიციალური წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ვაჟა 2-3 დღეში
გათავისუფლდებოდა. ეს მოლოდინი გრძელდება დღემდე.
ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დამოუკიდებლად მაქსიმალურად
გავაქტიურდით,"- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
მან ასევე ოსური მხარის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც გაამახვილა
ყურადღება და აღნიშნა, რომ ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი მუშაობდა
კლინიკაში და მკურნალობდა ყველას, მათ შორის ტყვედ ჩავარდნილ რუს
პილოტებსაც და ამას ადასტურებს ღუდუშაურის კლინიკაც.
„ხვალ, 10 დეკემბერს იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
ფორმატი და მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენონ
ყველა ბერკეტი ვაჟა ექიმის დაუყონებლივ, უპირობოდ
გასათავისუფლებლად.
ასევე, ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაერო-ს ადამიანის
უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი. ამას ვითხოვთ უკვე ერთი თვეა.
ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და
უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას. მიუხედავად
იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის
გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის
პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება
და შედეგი გვაქვს ნული.
თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის
უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში
ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და
დაუბრუნდება ოჯახს,"- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის
კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა
მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს
მიწაზე იმყოფება.