სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები პარლამენტში
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის,
გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე
წასადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს,
თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გიორგი კახიანის თქმით, ვინ დაიკავებს პარლამენტში ვაკანტურ
თანამდებობებს, უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც
გუნდი პოზიციას შეაჯერებს.
ამასთან, კახიანმა არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის
თაობაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პირველი ვიცე-სპიკერის
პოსტზე.
„სამწუხაროდ, ამ თემაზე მსჯელობა მოგვიწია გამომდინარე იქიდან, რომ
ჩვენი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უმრავლესობის რიგები დატოვა
და შესაბამისად, თანამდებობები. ბუნებრივია, კონსულტაციები უკვე
მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის
თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს. ამის შესახებ
საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ
რეგლამენტითაც გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდულები. ეს არის
ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების
მიერ ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად კონსულტაციები
არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, - განაცხადა
გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის
ადგილმონაცვლეები პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი
იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე
კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო
უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის საგარეო
ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტების
თავმჯდომარეებმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.