გედევან ფოფხაძე - დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას ისევ გავრილოვი იჯდა
ამ კანონპროექტის ჩავარდნას უკვე მოჰყვა ის, რომ პოლიტიკური პროცესი
დამთავრდა და გამოცხადდა არაფორმალურად დიქტატურის დამყარება.
მიმაჩნია, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას ისევ გავრილოვი
იჯდა, - ამის შესახებ ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან
ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ხელისუფლებას
საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებისთვის
მკაცრი პასუხი მოსთხოვოს.
როგორც გედევან ფოფხაძე ამბობს, აკადემიური პროტესტი უკვე გამოირიცხა,
რადგან ხელისუფლება არის ლეგიტიმაციის მიღმა.
„ფაქტია, რომ ჩვენ სულში ჩაგვაფურთხეს. ამაზე მათ უნდა მოვთხოვოთ
მკაცრი პასუხი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ ფორმებზეა
საუბარი, მერე იმის ადეკვატურად უნდა გაგრძელდეს პროტესტი, რა
ხარისხითაც მოხდება ხელისუფლების დელეგიტიმაცია. თუ ხელისუფლება
კარგავს ლეგიტიმაციას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ნებისმიერ
ძალადობას, მოთხოვნას მისი მხრიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.
თუ ხელისუფლება გადავა დაჭერებზე, მშვიდობიანი აქციების დარბევებზე,
ამას უნდა მოჰყვეს სხვა პროტესტი, ამას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად,
მათ შორის უნდა მოხდეს პიკეტირება ყველა სახელმწიფო
დაწესებულების.
„ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და მისი პოლიტიკური
ლიდერები უნდა წავიდნენ პოლიტიკური ისტორიის ეშაფოტზე. ვინც ამ
ყველაფრის უკან იდგა და კონსტიტუცია თავზე დაგვახია, თავისი
პოლიტიკური საქმიანობით, ისინი უნდა წავიდნენ ციხეში“ - განაცხადა
გედევან ფოფხაძემ.