კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილი
დოკუმენტებით, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის
დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება. ამის შესახებ თავად
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ
სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994
წელს დაფუძნდა.
ამასთან, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან
დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს
ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.
„აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო
ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა
მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.
არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა
ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ
დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის
ნამდვილობა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
შალვა თადუმაძე საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორია. 2011-2012
წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და
შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც გახდა. 2018 წლის
ივლისში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა და მას პარლამენტმა 101 ხმით
მხარი დაუჭირა. დღეისათვის თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო
მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი პარლამენტში და ღიად
აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარეობა სურს.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ
კითხვები მისი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას
წარმოიშვა. თადუმაძის განმარტებით, ის იმ უმაღლეს სასწავლებელში
სწავლობდა, რომელიც ლეგალურად ფუნქციონირებდა და აღნიშნული
უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყანაში მცხოვრები „ორი
მილიარდერის“ (ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის) ოჯახს
ემსახურებოდა.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, „საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანიზაციიდან
შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი გამოითხოვა. სამწუხაროდ, არც მთავრობის
ადმინისტრაციამ, არც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და არც
იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ამ უკანასკნელმა
საერთოდ არ გვიპასუხა, რის გამოც უკვე ერთი წელია სასამართლოს გზით
ვცდილობთ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლის მიღებას. შალვა თადუმაძის
დიპლომი არც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი მაშინ, როცა
საკანონმდებლო ორგანო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის
დამტკიცებას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის
ასლი „ადვოკატთა ასოციაციაშიც“ აღარ არის დაცული, რადგან მათი
განმარტებით, ძველი დოკუმენტები პერიოდულად ექვემდებარება
განადგურებას.
საბოლოოდ, თადუმაძის დიპლომის ასლის მოპოვება იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოვახერხეთ“,- ნათქვამია
განცხადებაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული
ინფორმაციის თანახმად, შალვა თადუმაძე „თბილისის ჰუმანიტარულ
ინსტიტუტში“ სწავლობდა, რომელიც 1999 წელს დაამთავრა და მიიღო
იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით მან დაამთავრა ტექნიკური
უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ტექნიკურ
მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში უფრო დეტალურად არის
მითითებული, რომ დამთავრებული აქვს „ნოდარ დუმბაძის სახელობის
თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, სწავლების პერიოდი კი 1994-1998
წლებს მოიცავს. თადუმაძემ პარლამენტში გამოსვლის დროსაც დაადასტურა,
რომ ის სასწავლებელში 1994 წლიდან სწავლობდა.
„შალვა თადუმაძის დიპლომის შესწავლასთან დაკავშირებით ჩვენი
ორგანიზაციის მიერ მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ,
გამოვითხოვეთ შესაბამისი დაწესებულებიდან დიპლომის ასლი და
პარალელურად, შევამოწმეთ უმაღლესი სასწავლებლის რეგისტრაციასთან
დაკავშირებული დოკუმენტები და საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი მასალა.
ოფიციალურ მიმართვებზე უწყებებისგან შემდეგი პასუხები მივიღეთ:
მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში
საპარლამენტო მდივანი, ბოლოს კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო,
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდა;
გენერალურმა პროკურატურამ არ მოგვაწოდა მთავარ პროკურორად
ახლადარჩეული შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი, რაც დასაბუთებული იყო
იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა მისი
ხელმძღვანელის გამწესების პროცესში არ მონაწილეობს;
საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც 101 ხმით თადუმაძე გენერალურ
პროკურორად აირჩია, დიპლომი იმ მოტივით არ მოგვაწოდა, რომ „რეგლამენტი
არ ითვალისწინებდა შესაბამისობის დადგენის პროცედურებს“ და
შესაბამისად, პარლამენტში დიპლომი არ იყო წარმოდგენილი.
იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ არ გვიპასუხა წერილზე, რის გამოც
სასამართლოში დავა დავიწყეთ.
ადვოკატთა ასოციაციამ მოგვწერა, რომ მათთან დაცულია ადვოკატთა
ტესტირების ჩაბარების (2006 წელი) დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუმცა
შალვა თადუმაძის დიპლომი არ ფიქსირდება, ვინაიდან ძველი დოკუმენტაცია
დროდადრო ექვემდებარება განადგურებას“,-აღნიშულია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, იმ ფონზე,
როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს
თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან
დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს.