ახალი ამბები
ინტერნეტთაღლითობისგან დაცვის რეკომენდაციები
ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ინტერნეტთაღლითობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის ქვეყნებისთვისაც. 2019 წლის მდგომარეობით, გლობალური მასშტაბით, „ფიშინგი“ ერთ-ერთ მთავარ კიბერ-საფრთხედაა დასახელებული (წყარო - https://hostingtribunal.com/blog/phishing-statistics/). „ფიშინგი“კიბერ-თაღლითობის სახეა, რომლის დროსაც, რაიმე ტიპის პირადი ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, SMS-ით ან სხვა ფორმით მისდის შეტყობინება. შეტყობინება ყალბი ვებგვერდის ბმულსაც შეიცავს, რომელიც ძალიან არის მიმსგავსებული ნამდვილ ინტერნეტბანკს ან სხვა გვერდს. მასზე საბანკო მონაცემების შეყვანით კი თაღლითებს კონკრეტული პირის ან ბიზნეს სუბიექტის ანგარიშზე განთავსებული თანხის მოპარვა შეუძლიათ.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიბერდანაშაულის კიდევ ერთი სახეობა - „სპუფინგი“ , რომელიც როგორც მომსახურე ბანკის მსგავს საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებას, ისე ელექტრონული ფოსტის გამომგზავნის ან IP მისამართის გაყალბებასა და სხვა მსგავსი საშუალებებით თაღლითობას გულისხმობს. მისი ზოგიერთი შემთხვევა ასეთია: მომსახურე ბანკის იდენტური ნომრიდან მომხმარებელს ურეკავენ, ის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ბანკის წარმომადგენელი ურეკავს თუ მესამე პირი და თავის პერსონალურ მონაცემებს აძლევს. მათ შორის, ინტერნეტბანკის პაროლს.

გარდა ამისა, ინტერნეტთაღლითები სოციალური ქსელების მომხმარებლებს, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სახელით სთავაზობენ სხვადასხვა გათამაშებას, ბმულზე დაჭერისას კი მომხმარებელი გადადის მისი მომსახურე ბანკის ინტერნეტ ბანკის ვიზუალურად მიმსგავსებულ ვებგვერდზე, სადაც მონაცემების შეყვანის შემდეგ, ავტომატურად ხდება კიბერთაღლითობის მსხვერპლი.

როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, კიბერთავდასხმის რისკების შემცირებისთვის დღეს უკვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაზე მსჯელობა. ასოციაციის განმარტებით, აღნიშნულ საკანონმდებლო ბაზაზე რამდენიმე უწყება, მათ შორის შს სამინისტროც მუშაობს და დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

„ბანკების მიერ კიბერთაღლითობის წინააღმდეგ სქემის შემუშავებამ მოიტანა ის, რომ თუ აქამდე ინტერნეტბანკში მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლა თავად შეგვეძლო, ახლა ეს პროცედურა მხოლოდ მომსახურე ბანკის ფილიალშია შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება ბანკების შიდარეგულაციას წარმოადგენს. საბანკო ასოციაცია მიიჩნევს, რომ კიბერთაღლითობის გაზრდილი რისკების შემცირების მიზნით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო“ - განმარტავენ ასოციაციაში.

ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია ავრცელებენ ძირითად რეკომენდაციებს, რომელიც ინტერნეტთაღლითობისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია:

· მავნე და ჯაშუშური პროგრამებისგან თავის დაცვის მიზნით ლიცენზირებული პროგრამებისა და ანტივირუსების გამოყენება;

· საჯარო Wi-Fi-ით სარგებლობისას ინტერნეტბანკში შესვლასა და ბარათის მონაცემების შეყვანისგან თავის შეკავება;

· რთული პაროლებისა და მობილურ და ინტერნეტ ბანკში ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქციის გამოყენება, ხოლო ბარათებზე - 3D დაცვის მექანიზმის ჩართვა;

· დამცავი ბარიერის გამოყენება (Firewall);

· მესიჯების ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას რეკომენდებულია „სპამისა“ და “ფიშინგის“ ფილტრების გამოყენება;

· პაროლების, ბარათისა და ინტერნეტბანკის მონაცემების სხვისთვის გაზიარებისგან თავის შეკავება;

· სიფრთხილის გამოჩენა ინტერნეტ-სივრცეში არსებული შემოთავაზებების მიმართ რომლებიც გარკვეულ ბმულზე გადასვლას და საბანკო ანგარიშების, ინტერნეტ ბანკის პაროლისა და მსგავსი მონაცემების შეყვანას ითხოვენ;

· იმაში დარწმუნება, რომ აღნიშნული ვებგვერდი ყალბი არ არის და შესაბამისი ინფორმაციის მომსახურე ბანკთან გადამოწმება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.