"ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს" - გიორგი გახარია
კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი
გამოწვევა გვაქვს - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა 2020 წლის
ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში 2020 წლის
ბიუჯეტი. ბიუჯეტი ერთობლივი მუშაობის შედეგად საკმაოდ დაბალანსებული
გამოგვივიდა. მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა,
მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები
სახელმწიფოს მხრიდან. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, თუმცა
კოორდინირებული მუშაობა შემდგომში, როგორც მთავრობის, ასევე
პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი,
რომ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და
ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ,
ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2.7%, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო
ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს კიდევ ერთი ფაქტი
ბიუჯეტის დაბალანსების. კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს,
რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს“ - განაცხადა გიორგი
გახარიამ.