"პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია"- ვახტანგ გომელაური
"პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია" - ასე უპასუხა შს
მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის
შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
გომელაური მიიჩნევს, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულების
შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.
„რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ვთვლი, რომ მძიმე
დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს
ჩემი პირადი მოსაზრებაა. მითუმეტეს, პოლიციელის მკვლელის. ეს ჩემთვის
მიუღებელია“, - განაცხადა გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული
კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34
მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორისაა პოლიციელის მკვლელობაში
მსჯავრდებული რამაზ დევიძე. ის ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის
მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დევაძეს 2015 წელს 12 წლიანი
პატიმრობა შეეფარდა.