პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ერთიანდება
მთავრობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის
გაერთიანებას გეგმავს. ისინი სსიპ-ის - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
სახით ჩამოყალიბდებიან.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო
პაკეტი პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის და ის კანონმდებლებს
საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.პროექტის მიხედვით, გაერთიანდება ამ
დაწესებულებათა ფუნქციებიც.
ამასთან, გაერთიანებულ სააგენტოს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა
სოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფუნქცია მიენიჭება. დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს ფარგლებში ახალი სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი
წესით, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაცია
განახორციელებს.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სსიპ-ი პენიტენციური და პრობაციის სისტემის
მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ფუნქციას, სსიპ -
იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო პენიტენციური და
პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი "მსჯავრდებულთა
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად" გარდაიქმნება და
მისი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა, პატიმართა და პრობაციონერთა
პროფესიული მომზადება და გადამზადება გახდება.