ახალი ამბები
დავით ზალკალიანი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა
ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შესვლის ისტორიას უკავშირდებოდა. დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია. მისივე თქმით, საქართველოს ისტორია მე-18 საუკუნიდან არ იწყება.

"ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამის დასტური არის ის ქმედება, რაც აისახება იმავე ჟენევის ფორმატის ფარგლებში. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ნორმები და ის ვალდებულებები, რაც არის აღებული, შესრულებული უნდა იყოს," - განაცხადა ზალკალიანმა.

კითხვაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაოდ, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტი ისტორიას აყალბებს, დავით ზალკალიანმა უპასუხა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იზრუნებენ კონფლიქტის დეესკალაციისკენ, სიტუაციის სამშვიდობო გზით მოგვარებისკენ, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.

"საერთაშორისო თანამეგობრობა რომ კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციაზე და ისტორიულ ფაქტებზე, მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მთელი მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან როგორც ერთიანი სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა აღიარებულ საერთაშორისო ფარგლებში. ეს არის პასუხი იმაზე თუ რას ვაკეთებთ ჩვენ," - განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.