"2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება" - ბიძინა ივანიშვილი
ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები
პროპორციული სისტემით გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“
ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი
მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნების ჩატარება იყო.
"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან ჯერ პოლიტსაბჭოს წევრები
შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო
უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის სხდომაზე აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებული
მოთხოვნები განიხილეს.
ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი
პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური
ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს
საზოგადოების მაჯისცემა - ამის შეასხებ პარტია „ქართული ოცნება
დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნები, ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო
ბარიერის პირობებში.
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,
ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი,
ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას
მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო
რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო
დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ
პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური
პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა, იქვე
დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს
იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას
ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის
გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ
განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის
ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს
მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული,
გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.
მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი
პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური
ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს
საზოგადოების მაჯისცემა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.