როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა,
თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და
ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით - ამის შესახებ შინაგან
საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში
განუცხადა.
„ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა,
მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს
სამართლიანი, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ
მოწოდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა,
თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და
თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება
კანონის სრული სიმკაცრით“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ
აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და
ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში
პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები "რედისონთან" მას შემდეგ
შეიკრიბნენ, რაც გავრილოვმა დღეს საქართველოს პარლამენტში, სასესიო
დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი
დაიკავა და სიტყვით გამოვიდა.გავრილოვი სასტუმრო „რედისონიდან“
დაახლოებით, 17:15 საათზე დაცვის თანხლებით გამოიყვანეს, თუმცა,
გავრილოვისთვის განკუთვნილ მანქანაში დეპუტატი დაცვამ ვერ ჩასვა და
მას რამდენიმე მეტრის გარბენა მოუწია. აქციის მონაწილეებმა გავრილოვს
წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. აქციის
მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.