სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
რეგულირების სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური
დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ
აკმაყოფილებს. აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილია სახელწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ მომზადებულ - ინფექციის პრევენციისა და კონტროლის
ეფექტიანობის ანგარიშში, რომელზეც დღეს პარლამენტში იმსჯელეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტის თანახმად, ინფექციის
პრევენციისა და კონტროლის სისტემის მიმართულებით ტექნიკური
რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა
დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო
იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და
აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში: 2015 წელს აღნიშნული მოთხოვნა
დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016
წელს − 48%-ში და 2017 წელს − 51%-ში.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებების
საქმიანობის სავალდებულო მოთხოვნად არ არის გათვალისწინებული
მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე წვდომა, რაც შესაძლოა ნოზოკომიური
ინფექციების გამოვლენის და დაფიქსირების შესაძლებლობას
ამცირებდეს.
რაც შეეხება სტაციონარული დაწესებულებების ინფექციის პრევენციისა და
კონტროლის სისტემის კონტროლის ნაკლოვანებებს, სტაციონარულ
დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის ეტაპზე რეგულირების სააგენტო
სათანადოდ ვერ ახდენს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის
მოთხოვნების შეფასებას. კერძოდ, რეგულირების სააგენტო ნებართვის
გაცემის ეტაპზე არ სწავლობს, აქვს თუ არა სტაციონარულ დაწესებულებას
ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის პროგრამა და მორგებულია
თუ არა აღნიშნული პროგრამა კონკრეტულ სტაციონარულ დაწესებულებაზე.
„მაგალითად, 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ქვეყანაში
ფუნქციონირება დაიწყო 35-მა სტაციონარულმა დაწესებულებამ, მათგან 21
დაწესებულებას არ ჰქონდა წარმოდგენილი პროგრამა, ხოლო 14-ის მიერ
წარმოდგენილი პროგრამა შაბლონურია და არ არის მორგებული კონკრეტულ
დაწესებულებაზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან
სტაციონარული დაწესებულებების, დაახლოებით, 43%-მა საქმიანობა დაიწყო
როგორც ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის, ისე ხარისხის
ინსტრუქციის გარეშე.
რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების კონტროლი
ხორციელდება დეტალური ინსტრუქციის გარეშე, სადაც განსაზღვრული
იქნებოდა, როგორ უნდა შემოწმდეს სანებართვო პირობების თითოეული
მოთხოვნა.
შედეგად, რეგულირების სააგენტოს მიერ არასათანადოდ დანერგილი
კონტროლის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის პირობებში,
იზრდება რისკი, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ
დაწესებულებებში არსებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის
სისტემის ნაკლოვანებები“ - ნათქვამია სახელწიფო აუდიტის სამსახურის
ეფექტიანობის ანგარიშში.