იუსტიციის საბჭო ვალდებული იქნება მოსამართლეების უვადოდ განწესებაზე დასაბუთება გამოაქვეყნოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ცალსახა ვალდებულება, გამოაქვეყნოს
დასაბუთება საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში
მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ. ამას „საერთო
სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების
პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ე.წ. მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის
ფარგლებში მომზადდა.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის
აღწერასა და შესაბამისი პირის დახასიათებას, მათ შორის მის მიერ
დაგროვებულ ქულებს და დასკვნას კეთილსინდისიერების თაობაზე.
დასაბუთებას ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
პროექტის გათვალისწინებით, სავალდებულო წესით უნდა გამოქვეყნდეს ასევე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი შესაბამისი
პირის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, აგრეთვე სააპელაციო
სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების
შესახებ.
ამჟამად მოქმედი კანონით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთება
მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ არ ქვეყნდება.