თბილისში,14 წლის გოგონას მოწამვლა სავარაუდოდ, სახიფათო თამაშს
„ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება. გოგონას დედის განცხადებით, მოზარდი ბოლო
პერიოდში უცნაურად იქცეოდა და გარკვეული შიშები ჰქონდა.
„ყველა მეუბნებოდა, რომ ბავშვი არის დეპრესიაში. გვხვდება და ვითომ
ვერ გვხედავსო... ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, ფსიქოლოგთან
წამიყვანეო, მეუბნებოდა. კარგი, წაგიყვან-მეთქი. ეს საუბარი იყო
ხუთშაბათს ან პარასკევს. პარასკევს საღამოს ზედა სართულიდან ჩამოვედი
და მის საძინებელში რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. ვუთხარი, გაკვეთილები
აიღე-მეთქი. დავინახე, რომ რაღაცა თამაში ჰქონდა ჩართული და უცებ
გამორთო. ამ ბოლო დროს ხშირად ვეჩხუბებოდი, სულ ტელეფონში ნუ ხარ
მეთქი“ - განაცხადა მოზარდის დედამ.
მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ
მძიმეა. მეოთხე დღეა, რაც გოგონა საავადმყოფოში კომატოზურ
მდგომარეობაში იმყოფება.
„პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება
არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა)
დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა
მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის
გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია
ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების
(მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული
იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” -
განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.