მთავრობა ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომელიც
მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება.
ამას “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით - 88 ხმით,
ორი - წინააღმდეგი დაამტკიცა.
საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნირების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრომ მოამზადა.
როგორც საპარლამენტო განხილვების დროს მინისტრის მოადგილემ ნათია
ზედგინიძე-ჯიშკარიანმა განმარტა, ახალგაზრდობის სააგენტო ბავშვთა და
ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის
დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.
“წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას
შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული
კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა,
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების
თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა“ -
აღნიშნულია მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე თანდართულ
განმარტებით ბარათში.