აბასთუმანში,სადგურისა და ღია ავტოსადგომის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო
სამუშაოების წარმოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ 21 მაისს
გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს
დაიწყება და 13 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი
9 028 361 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული,
ავტოსადგომი გათვლილი უნდა იყოს 4.2 ჰა ტერიტორიაზე 1 000
ავტომობილზე.
„საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ღია ავტოსადგომი მინიმუმ 1 000 მანქანაზე. აქედან - 200 ავტოსადგომი
ელექტრო მანქანისთვის, სატენი პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი
უნდა იყოს გადახურული; 10 ავტობუსის ავტოსადგომი; ავტოსადგომის
ტერიტორიაზე შესასვლელ/გამოსასვლელი გზების მოწყობა, შესაბამისი
ინფრასტრუქტურით, ნაგებობებით/კონსტრუქციებით (მაგ. ხიდი) და მათი
დაკავშირება ცენტრალურ სამანქანო გზასთან.ავტოსადგომის ტერიტორიაზე
ავტოტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების ოპტიმალური
გადაწყვეტა; სამანქანო შესასვლელ-გასასვლელი შლაგბაუმით/ბოლარდებით
(ავტომატური, მიწაში ჩამავალი); საფეხმავლო შესასვლელი და გასასვლელი;
ავტოსადგომის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები (გამოყოფილი მანქანის
სავალი ნაწილიდან); შესასვლელში და გასასვლელში ბილეთების შესაძენი და
დასარეგისტრირებელი აპარატები,“ - აღნიშნულია სატენდერო
დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება ასევე მცირე
სადგურის მოწყობაც, რომლის მოსაცდელი ფართი მინიმუმ 150 ადამიანზე
იქნება გათვლილი. სადგური მოემსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტს
სტუმართა გადასაყვანად ავტოსადგომიდან დაბა აბასთუმანში.
შეგახსენებთ,რომ აბასთუმანში ავტოსადგომისა და სადგურის მოწყობის
მიზნით, ტენდერი აპრილშიც გამოცხადდა. რომელშიც ყველაზე დაბალი ფასი
წარადგინა - "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და
კომპანია "ბლექ სი გრუპმა", თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის
გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.