კომპეტენციის დასადასტურებლად, მასწავლებელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 24 მაისს დასრულდება
კომპეტენციის დასადასტურებლად, მასწავლებელთა რეგისტრაცია 2019 წლის
13 მაისს დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და
მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ
ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
მინისტრის ინფორმაციით, გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ:
· მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
· პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან
გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო
გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი,
ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;
· მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ
მასწავლებლობის უფლება;
· თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის
გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის
მიზნებისთვის.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად
როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე,
პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. პედაგოგობის
მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება
შეეძლებათ.
კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ
საგნებში:
· ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
· მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
· ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
· ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I –
IV კლასები);
· ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
· ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო
საფეხური);
· მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
· საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):
ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
· საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):
ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
· უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური):
ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
· ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,
მუსიკა, სპორტი;
· ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
· პროფესიული უნარები.
როგორც ბატიაშვილის უწყებაში აცხადებენ, ყველა პრაქტიკოსი
მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი
აპლიკანტებისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს
საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 24
მაისის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში
მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრს).
მონაწილე დარეგისტრირებულად ითვლება თუ მას სარეგისტრაციო გვერდზე
გამოუჩნდება შეტყობინება: „თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია.
შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი.“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება
ინფორმაცია - როდიდან შეძლებენ დარეგისტრირებული აპლიკანტები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას. ბარათზე მითითებული იქნება:
საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების
დრო.