ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, პოლიცია გახადოს მხარე - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში
სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მიმართვაში ხაზგასმული საკითხები
პოლიციელსა და შსს-ს თითოეულ თანამშრომელს აღელვებს.
გახარიამ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის
პირობებში პოლიცია არ გახადონ მხარე.
„მინდა მოგმართოთ თითოეული პოლიციელისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლის სახელით, სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც მათ
აღელვებთ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი
საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში
ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება და ხშირ
შემთხვევაში, ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია
გახადოს მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა
სამინისტროს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და
ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი,
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის
ძირითადი მიზანი, რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია
იყოს აპოლიტიკური“ - განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხშირად ადგილი აქვს
პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებსაც.
„მეორე მნიშვნელონი საკითხი გახლავთ ის, რომ სისტემური ხასიათი მიიღო
სამწუხაროდ, პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ და ეს
იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ ერთად უნდა
გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის
რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და
მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის
ინტერესებში“ - აღნიშნა მინისტრმა.