პირველი აპრილიდან 1-ელ მაისამდე პასპორტს მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ
ის მოქალაქეები, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას
ფლობენ, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის
ელექტრონულ მოწმობას
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 1-ელ მაისამდე სრულიად
უფასოდ მიიღებენ.
საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით,
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, აქციის ფარგლებში,
მაისში, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის
პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.
„ჩვენ შარშან საკონსულოებში გვქონდა აქცია, საზღვარგარეთ
მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის და პირადობის
დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე
მნიშვნელოვანია მათთვის - ეს არის არა პირადობის
ელექტრონული მოწმობა, არამედ პასპორტი, გაიცემოდა 50
დოლარად. ეს არის ამ დოკუმენტის ღირებულების 70%-იანი
ფასდაკლება და ამ აქციით 5 000-მა პირმა ისარგებლა.
თუმცა, უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს
დამოუკიდებლობის დღის თვეში - ანუ მაისში, მთელი ერთი თვე
და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის,
ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის
პასპორტი გაიცემა უფასოდ.
2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ოდირის
(ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ
დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას.
დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა - 401 000 ადამიანი ფლობს
ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია
„უვადო“. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია,
რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს,
რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას"
- განაცხადა მინისტრმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამ
მოქალაქეებს შეცვალონ ქაღალდის პირადობის მოწმობა
ელექტრონულით.