მიმდინარე წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი
სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო
დაწესებულება ვალდებულია,
პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე
პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის
შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.
„მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი
ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის ამოქმედებაზე. ეს ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან იქმნება ჯანმრთელობის ერთიანი ცენტრალიზებული
ჩანაწერების სისტემა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ყველა
მიმართულებით. ეს იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხის
უზრუნველყოფა, სამედიცინო სტატისტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკის
შექმნისთვის ეს იქნება მტკიცებულებების გენერირების ერთიანი
უნივერსალური წყარო. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ 2019 წლის 15
იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა
ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ჩანაწერების წარმოება სავალდებულო იქნება
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
არსებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისათვის, შემდგომში კი
მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება სავალდებულო“ - განაცხადა შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების
სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა.
მისივე თქმით, 2019 წლის 1 მაისიდან ელექტრონული სამედიცინო
ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის, 2019 წლის 1 სექტემბრიდან
ამას დაემატება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ამბულატორიული
დაწესებულებები, გარდა დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისის
მიმწოდებლებისა, 2020 წლის 1 იანვრიდან კი - ელექტრონული სამედიცინო
ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება ყველა სტაციონარული და
ამბულატორიული დაწესებულებისთვის.