საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე, საშუალოდ, 37%-ით მეტია
2018 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 851.9
ლარით, ხოლო კაცების – 1360.5 ლარით
განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალების შემთხვევაში 42.5, ხოლო კაცების
შემთხვევაში 66.7 ლარი შეადგინა. ასევე, საქმიანობის სახეების
მიხედვით, კაცების ხელფასი, თითქმის ყველა სექტორში, აღემატება
ქალების ხელფასს - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს
საქსტატის მონაცემებით ქალების მიერ მიღებული ხელფასის
საშუალო მაჩვენებელი, კაცების მიერ მიღებულ შრომით ანაზღაურებაზე 509
ლარით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული
მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების
რაოდენობაზე 37%-ით ნაკლებია, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი
სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე.
საშუალო ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით
ასეთია:
განათლება – 586 ლარი თვეში; სოფლის მეურნეობა – 702 ლარი თვეში;
სასტუმროები, რესტორნები – 906 ლარი თვეში; კომუნალური და სოციალური
მომსახურების გაწევა – 913 ლარი თვეში; დამამუშავებელი მრეწველობა –
960 ლარი თვეში; ჯანდაცვა – 985 ლარი თვეში; ვაჭრობა – 1028 ლარი
თვეში; სახელმწიფო მმართველობა – 1320 ლარი თვეში; ენერგეტიკა – 1329
ლარი თვეში; სამთომომპოვებელი მრეწველობა – 1359 ლარი თვეში;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1402 ლარი თვეში; მომხმარებელთათვის
მომსახურების გაწევა – 1482 ლარი თვეში; მშენებლობა – 1721 ლარი
თვეში; საფინანსო საქმიანობა – 2354 ლარი თვეში.
ზემომოყვანილი სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა
ხელფასებიდან არის შემდგარი; შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას,
იმ ადამიანების საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც არაფორმალურად,
კონტრაქტის გარეშე მუშაობენ, ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.