უნივერსიტეტების პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა
განაცხადა.მისი განმარტებით, გაკვეთილები მოსწავლეებს დაეხმარება
იმაში
,რომ ესა თუ ის სპეციალობა დეტალურად შეისწავლონ და არჩევანის
გაკეთების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.
"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და კიდეც გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ
რესურსს, რაც უნივერსიტეტებში გვაქვს. მოხდება უნივერსიტეტის
დაახლოება სკოლასთან. კერძოდ, სექტემბრიდან, როგორც კი სწავლა
დაიწყება, ჩატარდება დამატებითი გაკვეთილები ყველა სკოლაში, მათ შორის
იმ კერძო სკოლებში, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ. უფრო დეტალურად რომ
განვმარტო, გეტყვით, რომ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები, ვისაც შეუძლია
ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა ბავშვებისთვის, ჩაატარებენ
ონლაინ-გაკვეთილებს "ლაივსტრიმით". ეს არ იქნება სტანდარტული
გაკვეთილი, ეს იქნება გაკვეთილი, სადაც თითოეული პროფესორი უპასუხებს
კითხვას, თუ რატომ აირჩია თავად ეს პროფესია, დაანახებს ყველა ბავშვს
ამა თუ იმ დარგის საინტერესო, შემოქმედებით მხარეს, რომ ბავშვებმა
თავის თავში აღმოაჩინონ ნიჭი, რომელიც თურმე ჰქონიათ. მაგალითად,
ქალბატონი მზექალა შანიძე ჩაატარებს რამდენიმე გაკვეთილს ქართულ
ენაში, მოყვება სამეცნიერო თემატიკას პოპულარული, გასაგები ენით,
იმისთვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ მაგალითად, ენათმეცნიერება
აინტერესებს" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, ეს გაკვეთილები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის,
მათ შორის მაღალმთიან სოფლებში.
"ისეთ ადგილას, რამდენიმე სკოლაში, სადაც ინტერნეტის სიჩქარე არ არის
მაღალი და ონლაინ ვერ შეძლებენ ლექციების ნახვას, პროფესორები
სპეციალურად მათთვის ჩაატარებენ ლექციას. თუმცა მათ ასევე ექნებათ
შესაძლებლობა ლექციების ჩანაწერები ნახონ. იქნება ასევე
კითხვა-პასუხის რეჟიმი. მთავარია, რომ ბავშვებს ფიქრისადმი
ინტერესი გავუღვივოთ"- აღნიშნა მინისტრმა.