საქართველოში პირველად კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა ჩატარდება-მარშრუტი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა
და ღონისძიების ორგანიზატორებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე
განაცხადეს.
რბოლა მაისშია დაგეგმილი და 4 დღეს გაგრძელდება. ღონისძიების
მონაწილეები მოივლიან კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ
ქალაქებს, სოფლებს, ასევე გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას.
რბოლა თბილისიდან დაიწყება და თბილისშივე დასრულდება. გარბენის
მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი
ჩოგოვაძემ განაცხადა, საერთაშორისო მასმედიის ჩამოყვანას და
საქართველოს ამ კუთხით წარმოდგენას მსოფლიოს წინაშე ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
"პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას,
ასევე, კონკრეტულად საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო
წინა პლანზე წამოწევას" - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოე ვითაკერის ინიციატივით
დაიგეგმა. როგორც ზოე ვითაკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა,
საქართველოს შესახებ ინტერესი მას შენდეგ გაუჩნდა, რაც საფრანგეთში
ერთ-ერთი ავტორბოლის დროს ქართველი მონაწილისგან ქართული ღვინის
შესახებ გაიგო.
"საფრანგეთში ერთ-ერთ რბოლაზე იყო ქართველი, რომელმაც ფრანგული ღვინის
დაგემოვნებისას თქვა, რომ ის ღვინო არც ისე კარგი იყო და თუ ვინმეს
საუკეთესო ღვინის დაგემოვნება უნდოდა, აუცილებლად უნდა გაესინჯა
ქართული ღვინო. ეს ხმამაღალი განაცხადი იყო. მას შემდეგ დრო გავიდა,
თუმცა მე სულ მახსოვდა, რომ საქართველო უნდა მენახა" - განაცხადა ზოე
ვითაკერმა.
ზოე ვითარეკის ცხოვრება კლასიკურ ავტომობილებსა და რბოლებთან არის
დაკავშირებული. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ რბოლებში,
როგორიცაა RAC/Chrysler და Alpine Chalange და Paris Tu Marrakesh.
საგულისხმოა, რომ მან რამდენიმე წელი იმუშავა და კარიერიერული წინსვლა
დაიწყო "ფორმულა 1"- ში. ზოე მართავდა ბევრისთვის ისეთ საოცნებო
ავტომობილებს, როგორიც არის, კლასიკად ქცეული 1957 D-type jaguar და
1996 corvette Stingray, ასევე თანამედროვე Porsche gt4 და lamborgini
aventador. ზოეს დაგეგილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი
ტურების მოწყობა. მაისში, საქართველოში დაგეგმილი ავტორბოლა, სწორად
ამ ტურის ნაწილი და დასაწყისია, რომელიც მომავალ წელს სამხრეთ
ამერიკაში გაიმართება და ჩინეთში დასრულდება.
რბოლის მარშრუტი დაიგეგმა საქართველოს ეროვნული საავტომობილო
ფედერაციისა და კომპანია "ტრანსპორტის უსაფრთხოების კონსულტანტების"
მხარდაჭერით. მარშრუტი მოიცავს როგორც ნაკლები სირთულის გზებს, ასევე
ციცაბო აღმართებსა და ითვალისწინებს შეჯიბრის ელემენტებსაც.