ახალი ამბები
რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოქვეყნდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.
კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი.

”შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას; ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან; სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. მაგალითად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება” - ნათქვამია კონცეფციაში.

რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.

”ქვეყნის დაცვა არა მხოლოდ ქართველი სამხედროების, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში“ წარმოადგინა ტოტალური თავდაცვის პრინციპი, სადაც რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩვენი რეზერვის კონცეფციის მიზანია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენება” - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.