ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებასაც ითვალისწინებს - განათლების მინისტრი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოპტიმიზაცია აუცილებლად
განხორციელდება - ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ოპტიმიზაცია შეეხება სამინისტროში არსებულ
დეპარტამენტებს, მათ შორის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი კომპონენტი
ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება იქნება, რომელიც განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში გადადის. მინისტრის თქმით, ოპტიმიზაცია
საკადრო შემცირებასაც ითვალისწინებს.
"ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება. ჩვენ ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით,
თუ რა ფორმით მოხდება ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების ჩვენს
სამინისტროში ინტეგრაცია. ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება არა მხოლოდ
ამ კუთხით, არამედ თვითონ სამინისტროში არსებული სტრუქტურის სერიოზული
ოპტიმიზაციაც მოხდება. ჩვენი მთავარი მიზანია, იყოს ოპტიმალური და
მოქნილი აპარატი, რომელიც გაუმკლავდება გამოწვევებს, რაც გვაქვს
განათლების და მეცნიერების მიმართულებით" - განაცხადა მიხეილ
ჩხენკელმა.
როგორც ცნობილია, მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო უქმდება. ახალგაზრდულ
საქმეთა ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში
გადადის.