ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო სწრაფად და თამამად - ალექსანდრე ჯეჯელავა
"ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა
უფრო სწრაფად და თამამად, ვიდრე გავაკეთე - მაგალითებს არ მოვიყვან"
- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა
ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრების ხშირად ცვლის საკითხთან
დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ სტრატეგიის და
სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა ამ შემთხვევაში
ეს ასე არ ხდება.
"ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ გუნდში
პრემიერ მინისტრის, ჩემი და ჩემი კოლეგების. შევთანხმდით, რომ ასე
აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის. ჩემი მოსაზრებაა
ის, რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა,
თუმცა ეს არ ხდება. წინა მინისტრისგან მე გადავიბარე სისტემა და
დიდწილად, რეფორმების 80% შენარჩუნდა. დარწმუნებული ვარ, ამ
შემთხვევაშიც ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება თავსებადობის ახალი
მინისტრის საქმიანობასთან. ვფიქრობ, ზიანი მინიმალური
იქნება"
განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო
სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ის ამერიკაში სწავლის
გაგრძელებას გეგმავს.
"რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იქნება იგივე, რაც მინისტრობამდე -
ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე
უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო
სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017
წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი
მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო
და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად"
განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალ
მინისტრს ორ მთავარ გამოწვევას უტოვებს.
"მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით
დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას,
განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად
ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს
არის ცენტრალური გამოწვევები"
განათლების ყოფილი მინისტრი ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევასაც
აძლევს:
"მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური
კონცენტრაცია მოახდინოს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, სწორი
მმართველობის თუ ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავვარდებით თითოეული
ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების
სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე"
ჯეჯელავამ დღეს ახალ მინისტრს უწყება გადააბარა.