ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
"ტექდათვალიერების ამოქმედება იგეგმება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან და
არც ერთი დღით არ გადაიდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ის აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო სექტორის პრეტენზიებს
გამოეხმაურა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საკითხზე საუკეთესო შვეიცარული კომპანია
მუშაობს და ტექდათვალიერების ამოქმედებამდე სპეციალური კამპანიაც
ჩატარდება.
„ამ პროექტზე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შვეიცარული
კომპანია SGS, რომელმაც სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულა და თუ არ
ვცდები, მესამეს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. დაახლოებით,
ოქტომბრიდან დაიწყება სპეციალური კამპანია ტექდათვალიერების დროულად
და ხარისხიანად ამოქმედებისთვის.
ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ყველა ავტოსატრანსპორტო
საშუალებამ ერთდროულად, ერთ დღეს გაიაროს ეს პროცესი. იქნება გეგმა
გაწერილი ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ
არსებობს ავტომობილების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ვალდებულნი
არიან დათვალიერება გაიარონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებისას პირველი ნაბიჯი
მკაცრი კონტროლი იქნება.
მინისტრი დაინტერესებულ პირებს მიმართავს, ვიდრე შვეიცარული კომპანიის
მიერ საბოლოო პროექტი არ იქნება წარმოდგენილი, ნუ აყვებიან
სპეკულაციებს და ნუ იმოქმედებენ ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან
გამომდინარე.